სამუშაო საათების ცვლილება
ახალციხის ციხის კომპლექსი სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში "რაბათის" ისტორიულ უბანში მდებარეობს. ციხის ტერიტორიაზე თავმოყრილია IX-XIX სს-ბის სხვადასხვა ისტორიული ნაგებობა.
ციხე-სიმაგრის ისტორიაც IX ს-დან იწყება. XII ს-ში ციხე-სიმაგრე გაფართოვდა, აღდგა, ქალაქად იქცა და "ახალციხე" ეწოდა. XIIIს-დან, ციხე-ქალაქი ჯაყელების უმთავრეს რეზიდენციას და მესხეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.
2011-2012 წლებში განახლდა და რესტავრირდა მთლიანი კომპლექსი (8 ჰა. ფართობი), აღდგენილ იქნა ციხის გალავნები, IX-Xსს-ის ქართული ქრისტიანული ტაძარი, ოსმალური პერიოდის ნაგებობები (ახმედ ფაშა-ჯაყელის მიერ აგებული ეგრედწოდებული ეკლესია-მეჩეთი და მედრესე), ასევე ციტადელი და ჯაყელების სასახლე, სადაც დღეს განთავსებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის "სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი". მუზეუმში თავმოყრილია, როგორც რეგიონის ასევე საქართველოს მასშტაბით აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები.
აქ თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს: ქართული, ოსმალური, რუსული, ებრაული, სომხური... რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ რეგიონის ტოლერანტობას სხვა ერებისა და მათი კულტურისადმი.