მესხეთს მდიდარი ისტორიული წარსული აქვს, ამ კუთხეს უძველესი დროიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ამიტომაა ნათქვამი, რომ ,, მესხეთი ისეთივეა საქართველოსთვის, როგორც საბერძნეთი მსოფლიოსთვის“.

     ქალაქის და ციხესიმაგრის ისტორია IX საუკუნიდან იწყება, აღმშენებელია აშოტ  I კურაპალატის უმცროსი ვაჟი გუარამ მამფალი, რომელიც ბიზანტიის სარდალიც გახლდათ, მან სამცხის ტერიტორიაზე  ააგო სამი სტრატეგიული დანიშნულების ციხე-სიმაგრე: ჯუარის ციხე, ოძრხე და ლომსიათა (დღევანდელი ,,ახალციხის ციხე“), ტერმინი სამცხეც  აქედან მომდინარეობს  ,,სამი ციხე“. ,,ლომსიათა“-ს სახელწოდების ცვლილება  XII ს-ში უნდა მომხდარიყო, რადგან 1203 წლის ბასიანის ომის დროს  ქალაქი ახალციხედაა მოხსენიებული. ტერმინი ახალციხე გულისხმობს  ძველი ციხის განახლებას,  რადგან ამ ადგილას IX საუკუნიდან   არსებობდა ,,ლომსიათ“ წოდებული ციხე-სიმაგრე. ე.ი თურქ-სელჩუკების შემოსევების დროს დაინგრა, ხელახლა ააშენეს და სახელიც ამიტომ  შეეცვალა ,, ახალი ციხე“ ანუ ,, ახალციხე“.

 

 

     2011-2012 წლებში მოხდა ციხე-სიმაგრის კომპლექსის სრული განახლება: აღსდგა ციხის მთლიანი გალავანი, ყველა გოდოლი სათოფურებიანად და ქონგურებიანად. ციხე -სიმაგრის ზედა ნაწილში რესტავრაცია ჩაუტარდა ახმედ ჯაყელის მიერ აგებულ მეჩეთს და მედრესეს, აღსდგა ციტადელი და IX საუკუნის  მართმადიდებლური ეკლესია, რომელიც წმინდა გიორგის სახელზე ეკურთხა. მოხდა ჯაყელების სასახლის რეაბილიტაცია,  სადაც  განთავსდა    სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი. მუზეუმში ექსპონატების დათარიღება იწყება 10 მლნ. წლით და  და სრულდება XIX ს-ით.

    ციხის ქვედა ნაწილი დაეთმო ინფრასტრუქტურას. ესენია: სასტუმრო, რესტორნები, კაფე-ბარები, სუვენირების მაღაზიები და ქორწინების სახლი. ასევე ქვედა ნაწილშია საინფორმაციო ცენტრი, ციხის და მუზეუმის ადმინისტრაციის ოფისები.

Шаблон сайта скачали с JooMix.org